“ბახმარო არის მაგალითი, როგორ შეიძლება გაავერანო ,მოსპო და განადგურო მარგალიტი, ასეთი დამნაშავე ხელისუფლების პირობებში”- არმაზ ახვლედიანი

მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ბახმაროში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაციას გეგმავს, რომლის ღირებულებაც 1 293 996 ლარია. აღნიშნული პარკის აშენების შესყიდვისთვის ტენდერი გასული წლის აგვისტოში გამოცხადდა, მშენებარე კომპანია შპს “ქართლთან” ხელშეკრულება 29 სექტემბერს გაფორმდა.

დოკუმენტაციის თანახმად, პარკი დაახლოებით 13 805 კვ.მ-ზე იქნება განთავსებული.

პროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გარემოსდამცველები აღნიშნავენ, ბახმაროში ბევრად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემაა,მაგალითად, წყალმომარაგების საკითხი,რაზეც უნდა  მიმართულიყო პირველ რიგში, ხელისუფლების ყურადღება და ეს თანხები არსებული ქსელის რეაბილიტაციას მოხმარებოდა: ” ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად არსებობს უამრავი უკანონო მშენებლობა, ჰესის მშენებლობა,რაც არის უფრო მეტად საყურადღებო და კარგი იქნება თუ ამ პრობლემებს მიაქცევს ხელისუფლება ყურადღებას” –  აცხადებს  “გურიის მოამბესთან”  საუბრისას სამოქალაქო აქტივისტი გრიგოლ მახარაძე.

პროეტით უკმაყოფილოა  არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს”  თავმჯდომარე ირმა გორდელაძე, რომელიც ჩვენთან საუბრისას  აცხადებს,  რომ მათი უკმაყოფილების უმთავრესი მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების არაფრად ჩაგდებაა: ” რეგიონალური განვითარების ფონდი ყველანაირი საჯაროობის და განხილვის გარეშე აფინანსებს პროექტებს. რა პროექტია, რა ტიპისაა, ვინ იმარჯვებს ტენდერში არ უნდა იცოდეს მოსახლეობამ?საქმე ეხებ ისეთ კურორტს , როგორიც ბახმაროა,სადაც ინფრასტრუქტურა მოუგვარებელია, წყლის სისტემა მოუგვარებელია,უამრავი პრობლემაა..პარკი თუ აშენდება ბახმაროში, ბახმაროს შესაფერისი უნდა იყოს. ასეთი დონის პარკი კეთდება და ამას ვგებულობთ ბოლოს. პრობლემა სწორედ ამაშია,ისე დაღუპავენ ბახმაროს, როგორც ბაკურიანს,ჩააბეტონებენ და ჩააბეტონებენ.” – აცხადებს ირმა გორდელაძე.

ბახმაროსა და გომის მთის განვითარების ხელშემწყობი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ასოციაციის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ხელისუფლება საქმის კურსში არ აყენებს არც ექსპერტებს და არც საზოგადოებას: “როცა ასეთ რამეს იწყებ , უნდა ჰკითხო საქმის მცოდნეს,  ექსპერტს და უნდა ჰკითხო საზოგადოებას,  უნდა შეუთანხმო რას აკეთებ, რა უფლება აქვთ ასე რომ ეპყრობიან კურორტს.  ბახმარო არის კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება გაავერანო ,მოსპო და განადგურო მარგალიტი, ასეთი დამნაშავე ხელისუფლების პირობებში.”

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, საქმე ეხება კორუფციულ გარიგებებს: “მიმოიხედეთ ირგვლივ სოკოებივით მრავლდება უკანონო მშენებლობები, ეს არის ხელისუფლების კორუფციული გარიგებების მნიშვნელოვანი ნაწილი  ,მათი ჯიბის გასქელების საუკეთესი საშუალება..ან ამ პარკში რამდენი აქვთ მოპარული კაცმა არ იცის.  წინა ხელისუფლების დროს აშენებული შესანიშნავი კინო-თეატრი ამათ ხელში განდგურდა. რომ ნახოთ წელს რა  მდგომარეობაშია დარბაზი, მიხვდებით, რომ ეს არის უპატრონო ქვეყანა, სადაც ჯოჯოხეთი მოუწყვეს საკუთარ საზოგადოებას. ისე არ უყვართ ქვეყანა, ისე სძულთ საკუთარი ქვეყანა, რომ ამათი არც გაკეთებული ვარგა და რაც გაკეთებულია, იმას ანადგურებენ. ”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share