არქიტექტორი ლევან კალანდარიშვლი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე იმ რეგლაციების დაცვაზე წერს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც, შესაძლოა, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა არ მომხდარიყო.
„ვიზუალურად ასე სჩანს, რომ ამ სერიის სახლია, რომელიც თავდაპირველად 4-5 სართულიანი მშენებლობისთვის იყო გათვალისწინებული, ე.წ. “ხრუშჩოვკის” ქართული ვარიანტი. შემდეგ როცა სართულიანობის გაზრდა გახდა საჭირო ლიფტი და ნაგავთსადენი დაამატეს ლოჯიას ფართის ხარჯზე და აივნებიც მთელ სიგრძეზე გაუშვეს. უმარტივესი, აგურის, მოგვიანებით, მსხვილბლოკიანი კედლებით და ღრუტანიანი ფილებით (ხალხში “სინკარად” ცნობილი) სართულშუა გადახურვებისთვის. აქ მზიდი გრძივი კედლებია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ არსებული ღიობების პარამეტრები არავითარ შემთხვევაში არ დაირღვეს ვინაიდან მათ თავზე სწორედ ის ზღუდარებია (“პერემიჩკები”) რომლებსაც გადახურვის ფილები ეყრდნობა.
ეს მარტივი რეგულაცია რომ დაცულიყო ტრაგედია არ მოხდებოდა. დრო იყო თბილისის სახელგანთქმული არქიტექტორი მიხეილ ოჰანჯანოვი და ინჟინერი გრიგოლ ქურდიანი, რომლის ძმისშვილი ამ პროექტის ერთერთი თანაავტორია, ტექნიკურ ზედამხედველობას უწევდნენ თბილისის სხვადასხვა უბნებში მიმდინარე მშენებლობებს თუ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სწორედ იმისთვის რომ ამგვარ სიბრიყვეებს, რომელიც მაშინაც ხშირი იყო, ადგილი არ ჰქონოდა. დღეს ეს საქმე მუნიციპალურ ინსპექციას გადააბარეს რომელიც ფაქტების დაფიქსირების მეტს არაფერს არ აკეთებს. მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ გამომივიდა მაგრამ იქნება ვინმემ მაინც ყურად იყოს მომავლისთვის. ღმერთმა გაანათლოს უდანაშაულო მსხვერპლნი ჩვენი უცოდინარობის, დაუდევრობის და გაუმაძღრობისა,”-წერს კალანდარიშვილი სოციალურ ქსელში.