…
კალინინგრადში გამართულ 18 წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0 დაამარცხა, ნახევარფინალში ბელგიას 37:3 სძლია, ხოლო ფინალში პორტუგალიას 27:0 მოუგო და თასი ზედიზედ მესამედ შემართა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა და მონიჭებული სიხარულისთვის, თითოეულ მათგანს, აღმზრდელ კლუბებს და ოჯახებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მივესალმო ჩვენს მომავალ თაობას და თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის, თამაშით და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით მონიჭებული სიხარულისთვის. ეს ბიჭები არიან ქართული რაგბის მომავალი და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენს ქვეყანას არაერთ გამარჯვებას აჩუქებენ. სამი თამაშის მოგება და თანაც ლელოს მიუღებლად, ნიშნავს იმას, რომ ამ ბიჭებს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული საკუთარი როლი, კარგად იცავენ ჩვენს ქვეყანას და დაიცავენ მომავალშიც. მათ დაიმსახურეს უფრო მაღალ დონეზე თამაში და ამის შესაძლებლობა სულ მალე ექნებათ.
კიდევ ერთხელ მადლობა სამწვრთნელო შტაბს, თითოეულ მოთამაშეს, მათ აღმზრდელ კლუბებს და ოჯახებს – ყველას, ვინც ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა“, – განაცხადა ტყემალაძემ.