საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი ინტერესი დასავლეთში დიდია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას და ზოგადად პოლიტიკურ ამინდს, ქვეყნის დასავლელი პარტნიორები აკვირდებიან და აფასებენ.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, ამბობს, რომ საქართველოში არჩევნების მიმართულებით პროგრესს ვერ ხედავს. სასამართლოს დამოუკიდებლობასთან არსებული შეკითხვებისა და პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებების გამო კი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს.
ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტენიკურად კარგად ჩატარდა, მაგრამ ხშირად ფიქსირდებოდა საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები და ა.შ. თქვენ, უკვე დიდი ხანია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებით, როგორ შეაფასებთ ამ არჩევნებს?
როდესაც ეუთო/ოდირის და ამერიკის საელჩოს შეფასებები ვნახე, ამან ის დროს გამახსენა, როდესაც საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი. იგივე და უფრო უარესი მესიჯები მომდის მათგან, ვინც არჩევნებს აკვირდებოდა.
თუ მმართველი პარტია, ან პარტიები არ ითვალისწინებენ ამ შეფასებებს და არ აანალიზებენ რა გააკეთეს არასწორად და რა მართებულად, ეს ნიშნავს, რომ პროგრესი არ არსებობს. მე ვერ ვხედავ [საქართველოში] პროგრესს, პირიქით, ისევ სიძულვილის ენა და იგივე პრობლემებია, რაც აქამდე იყო. ეს ყველას გვაწუხებს, განსაკუთრებით საქართველოს მეგობრებს ევროპარლამენტში და ასევე, გვიჩენს უამრავ შეკითხვას.