ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დაკრძალავენ. გარდაცვლილები ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში არიან გადასვენებული, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

შემთხვევის ადგილზე მეოთხე დღეა აღმართულია “გლოვის კედელი”, სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და ამ ფორმით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ბათუმში კორპუსის სადარბაზო, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია. კიდევ ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მომხდარის გამო შსს-მ სამი პირი, პირველ სართულზე ბინის აზერბაიჯანელი მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. გამოძიების ვერსიით, მათ მზიდი კედლები “გამოიღეს” რამაც ნგრევა გამოიწვია. სამივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share