ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ “ძალიან ნაკლებად” აინტერესებს, შიმშილობს თუ არა საპატიმროში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
როგორც თურნავამ აღნიშნა, მასთან “სწორი კითხვა” იქნებოდა – რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს შიმშილის პრობლემა სრულად აღმოუფხვრან.
“ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არ შიმშილობს მე, არ მიწყინოთ, მაგრამ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოშიც, ჯერ სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის და ბერვ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს კვება, სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან. მაგრამ, ეს კონკრეტულად საერთოდ არ მაინტერესებს, მინდა გითხრათ, აი ძალიან ნაკლებად მაინტერესებს”, – თქვა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე მე-12 დღეა, შიმშილობს.