შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც თაბორის მონასტრის მამაოს Facebook-ი გატეხა და მრევლის ფულს დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 3 მოქალაქის Facebook-ში უკანონოდ შეღწევისა და სხვისი საბანკო მონაცემების გამოყენებით ფულის დაუფლების გამო, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს.

გარდა ამ სამი მოქალაქისა აღნიშნულმა პირმა თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-ის გვერდზე და მისი სახელით მრევლის ფულს დაეუფლა.

“ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-ის გვერდზე და აღნიშნული ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის “სმს” პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ა.ბ. Facebook-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე”, – წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მის პირად კომპიუტერში, სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების Facebook გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები აღმოაჩინა.

გამოძიების მონაცემებით, ა. ბ.-ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ამ ეტაპისთვის 10 დაზარალებული მოქალაქეა, ხოლო ფინანსური ზარალი 100 ათას ლარს შეადგენს. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდოს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობამ გადააჭარბოს 300 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share