საქართველოში ხორბლის იმპორტი მცირდება

აღსანიშნავია, რომ თუ 2020 წელს ხორბლის იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან განხორციელდა, წელს საიმპორტო ბაზრებს ყაზახეთი და აშშ დაემატა. მეტიც, წელს რუსეთიდან ხორბლის იმპორტი 90,9 ათასი ტონითაც კი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2020-ში რუსეთში 314 588 ტონა ხორბალი ვიყიდეთ, წელს 8 თვეში კი 223 677 ტონა. ყაზახეთიდან იმპორტმა 2 000 ტონა შეადგინა, აშშ-დან კი 24 355 ტონა.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მთავარი მიზეზი ფქვილის იმპორტის ზრდაა. ამასთან, მისი თქმით, საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს, ჰეჯირების პრინციპით აშშ-ში ნაყიდი ხორბლის შემოტანაში და ამას რომ მასიური ხასიათი მიეცეს, აუცილებელია ბაზრის სტაბილურობა.

,,ხორბლის იმპორტის შემცირების მიზეზი, უმეტესად ფქვილის იმპორტის ზრდაა, რაც გასაგები მიზეზებით არის განპირობებული. რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე მცურავი ბაჟია დაწესებული და ის მუდმივად იზრდება. მოსავლის აღებისას 25 დოლარი იყო, დღეს კი უკვე 59 დოლარს შეადგენს. ველოდებით მეტად ზრდას. მაშინ როცა ფქვილზე ბაჟი ნულოვანია, ამის გამო ფქვილის იმპორტი 500%-ით არის გაზრდილი.

ჩვენ აშშ-დან პერიოდულად შემოგვაქვს ხორბალი, რომელიც შემოდის ჰეჯირების პრინციპით, ანუ წინასწარი კონტრაქტებით. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ აშშ-დან ტრანსპორტირებას დიდი დრო სჭირდება, დიდი რაოდენობით ყიდვა რთულია, რადგან ფასების განსაზღვრა ძნელდება. შემოგვაქვს იმისთვის, რომ სასურსათო უსაფრთხოებას წავეშველოთ. იმ შემთხვევაში, თუ პროგნოზირებადი გარემო იქნება ქვეყანაში, მათ შორის, ფქვილის ბაზარზე, მაშინ შეგვეძლება მეტი ხორბალი შემოვიდეს აშშ-დან. წინასწარი ფიუჩერსული კონტრაქტი ნიშნავს, რომ განსაზღვრო რა იქნება ფასი შენთან 1-2 თვეში და იქედან გამომდინარე გააკეთო შენაძენი. ამ მხრივ ვმუშაობთ და წლის მეორე ნახევარსა და მომავალ წელს იმედია, მეტს შემოვიტანთ. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ წისქვილ-კომბინატებზე. აქ ბანკები და გადაზღვევის მექანიზმები უნდა იყოს ჩართული. ამ მხრივ, ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს.

რაც შეეხება ყაზახეთს, იქ საკმაოდ რთული პერიოდია და გაძვირების ტენდენცია აქვს, ისე როგორც უკრაინაში“, – განაცხადა სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

რაც შეეხება ფქვილის იმპორტს, 2020 წელს, საქართველოში 7 494 ტონა ფქვილი შემოვიდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 12.421 ტონა. მთავარი იმპორტიორი აქაც რუსეთია, 3.4 მლნ აშშ დოლარის 12 ათასი ტონა ფქვილით. შემდეგია თურქეთი, საიდანაც 63.3 ათასი აშშ დოლარის 138 ტონა ფქვილი შემოვიდა. იტალიიდან 61.1 ათასი აშშ დოლარის 77.2 ტონა, ლიეტუვიდან 142.1 ათასი აშშ დოლარის 40 ტონა, ხოლო ავსტრიიდან 28.7 ათასი აშშ დოლარის 44.7 ტონა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: