კოვიდ-19 პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 44.12%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გავრცელებულ კვლევაშია საუბარი.
კერძოდ, 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 622 923-ია. ამასთან, ანგარიშის თანახმად, 2019 წლიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით სახელმწიფომ სოციალურად დაუცველთა საარსებო შემწეობაზე ჯამში 925.3 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც პანდემიის დროს 605.7 მილიონი ლარი გაიცა.
„კოვიდ-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად 59%-ით სოციალურად დაუცველთა რიცხვი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიზარდა და რეგიონის მოსახლეობის 20.3% შეადგინა. რაჭა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, მოსახლეობის 45%-ზე მეტი ცხოვრობს საარსებო შემწეობაზე, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს,“-აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.