ოპოზიცია თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. “თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს!” – ამ მოთხოვნის გარშემო დღეს, 18:00 საათზე უამრავი ადამიანი ერთიანდება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, აქციაზე დასასწრებად დედაქალაქისკენ რეგიონებიდან მოქალაქეების დიდი რაოდენობა მოემართება. ნადირაძე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს ყველას, ვისაც ცვლილებები და თავისუფლება სურს.
“წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა ხალხისა დაიძრა რეგიონებიდან. ზუსტად ისეთივე მობილიზებაა თბილისშიც. ბიძინა ივანიშვილს რომ არ დაესიზმრება, იმდენი ვიქნებით. თუმცა, მიშას ჩამოსვლის შემდეგ დარწმუნებული ვარ ამ კაცს აღარც ძილი და აღარც სიზმარი აღარ აქვს. დღეს ნახავს მთელი მსოფლიო რამდენიმე ვართ, დაინახავენ, რომ ქართველ ხალხს უნდა ცვლილებები, თავისუფლება. ყველას მოვუწოდებ, ნუ დარჩებიან სახლებში, დავდგეთ აქ, ვისაც გვინდა ცვლილებები“, – თქვა ირაკლი ნადირაძემ.
მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილი:
“ფაქტობრივად, მესამე პრეზიდენტმა საკუთარი სიცოცხლე ჩააგდო საფრთხის ქვეშ და დღეს ჩააგდეს დილეგში. ნახეთ რუსულ არხებზე რას საუბრობს ჟირინოვსკი, რას საუბრობს პუტინი. მივმართავ მოქალაქეებს, მათი დაკრული გამგრძელებლები ნუ იქნებით და ერთი წამით დაფიქრდით, როგორ შეიძლება ჩვენი სახელმწიფო მტრის აზრზე იყოს. მითხარით კიდევ ერთი ადამიანი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ვისაც მიშა სააკაშვილის მეათედი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ბოღმები გვერდზე გადავდოთ, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, გაერთიანება და ბევრი სიყვარული ამ ქვეყანაში. სააკაშვილმა გადადო თავისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ახალ ჯერი არის ქართველ ხალხზე. დარწმუნებული ვარ, დღეს ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბება”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართბა. აქცია 18:00 საათზეა დაანონსებული.