“თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს” – წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და ამ წუთებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს : კონტექსტის არასწორად აღქმა ბიბლიას პრიმიტიული იგავების კრებულად აქცევს, სწორად აღქმა კი ადამიანის ქვეცნობიერის აღწერის უნივერსალურ სახელმძღვანელოდ. თუ ფაქტის ობიექტურად შეფასებას აპირებთ, კონტექსტი არ დაგავიწყდეთ არცერთ შემთხვევაში. მაგალითად, უაზრობაა სისტემის შეცდომის გამო უდანაშაულოდ დასჯილ ადამიანს ესაუბრო ამ სისტემის სიკეთეებზე. ნუ მოცდებით. კონტექსტის სწორად აღქმაა ისიც, რომ ასეთ ადამიანს არ უნდა ეკამათოთ. მხოლოდ განსაკუთრებული ინტელექტის ადამიანებს შეუძლიათ ობიექტურის სასარგებლოდ სუბიექტურის დათმობა. შესაბამისად, ვისაც 2003 წლამდელი საქართველოს რეალობის კონტექსტის სწორად აღქმა შეუძლია და 2003-2012 წლებში ხიფათს არ გადაჰყრია ფორსირებული აღმშენებლობის პირობებში, იმას პრობლემა არ აქვს, ობიექტურად შეაფასოს რამხელა ნახტომი გააკეთა საქართველომ „იმ 9 წელში“ და რამხელა ნეხვში ამოყო თავი ქვეყანამ 2012 წლის ოქტომბერში. კოვიდ-პანდემიასთან რომ გავაკეთოთ პარალელი, აბსოლუტური უაზრობაა ეკამათო იმ ადამიანს ვაქცინის უსაფრთხოებაზე, რომელიც მილიონში სწორედ ის ერთი აღმოჩნდა, ვისაც საშიში გართულება განუვითარდა. მაგრამ ვაქცინაცია ამ მიზეზის გამო არავის მიუჩნევია ასაკრძალად და საშიშად. პირიქით. ის ადამიანები, რომლებიც სუბიექტური მიზეზების არქონის მიუხედავად უარყოფენ ობიექტურობას, არიან ფარისეველები; ხოლო ისინი, ვისაც ასევე სუბიექტური მიზეზების არქონის მიუხედავად კონტექსტის აღქმა არ შეუძლიათ, ბრიყვები. თუ ქართული საზოგადოება ამ ყველაფრის გააზრებას შეძლებს, მაშინ უპრობლემოდ მიხვდება იმ ადამიანების სულისკვეთებასაც, ვინც დღეს რუსთაველზე დგას და იმათისაც, ვინც მიზეზით თუ უმიზეზოდ სიძულვილით არის აღვსილი; მიხვდება და შეეცდება გამთლიანებას. მე დღეს მხარს ვუჭერ რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების სულისკვეთებას და ვამბობ: თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!”- წერს გურული.