“რას ნიშნავს 9 წლის შემდეგ ცოცხის გაცოცხლება?” -გიორგი გახარიას შეკითხვა ბიძინა ივანიშვილს

,,მოსწონს ეს რეალობა?” – პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, რომელიც მან ,,ტვ პირველის” ეთერში ბიძინა ივანიშვილის მისამართით გააკეთა, ყოფილი პრემიერი, ივანიშვილს თხოვს გამონახოს დრო და შეაფასოს ის ვითარება, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ისევე როგორც თავის დროზე მისი პოლიტიკიდან წასვლა შეაფასა.

,,ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და წასვლა დააანონსა, ხომ გამონახა შესაძლებლობა, რომ წერილი დაეწერა და ჩემთვის მოღალატე ეწოდებინა. მე მინდა ვთხოვო, რომ კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვას და ახლა აგვიხსნას უბრალოდ, როგორ აფასებს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ ივანიშვილს ერთგვარი რიტორიკული შეკითხვაც დაუსვა და ამ შეკითხვით მან ,,ქართული ოცნება” იმ 9 წელის გაცოცხლებაში დაადანაშაულა, რომელზეც ასე აქტიურად საუბრობენ დღემდე მმართველ გუნდში.

„მოსწონს ეს რეალობა თუ არ მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს საქართველოში ქართველის მიერ ქართველის წინააღმდეგ ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ – 9 წლის შემდეგ! ძალიან მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იგივე კითხვა აქვს – ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და თუ ამაზე პასუხისმგებელი არიან ოცნების დღევანდელი ბოსები – ესეც ვიღაცამ ხომ უნდა გვითხრას” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისისკენ მომავალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ადამიანების კოლონებს ,,ქართული ოცნების” პარტაქტივი და ასევე საჯარო მოხელეები, ქუჩაში ცოცხებით ხელში დახვდნენ და სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share