ოზურგეთელი ვექილი – ლომკაცი ხუტუს ძე აბაშიძე
დაამთავრა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლი, რის შემდეგაც თავადვე შეისწავლა სამართალის დარგი, დასაწყისისათვის ქართულ და რუსულ ენებზე ადგენდა არზებს (განცხადებებს, საჩივრებს, ხელშეკრულებებს, სამომრიგებლო განჩინებებს და სხვადასხვა სახის დოკუმენტაციას). XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ოზურგეთში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.
გაზეთ ივერიას ცნობით 1888 წლის თებერვალში ოზურგეთში დაარსა წიგნის მაღაზია და უფასო სამკითხველო – “ერთი თვე იქნება, რაც სამაზრო ქალაქს ეღირსა წიგნის მაღაზია, რაც წიგნსამკითხველოდ აქცია ერთმა აქაურმა მკვიდრმა ლ. აბაშიძემ. ვისაც ესმის რა სარგებლობა მოაქვს წიგნის სარგებლობას ხალხში, ის სიამოვნებით მიეგება ამ საქმეს”
ლომკაცი აბაშიძის მიერ წიგნის მაღაზიის და სამკითხველოს გახსნის შესახებ ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არქივში შემდეგი ინფორმაცია იყო დაცული – „1889 წელს ვ. მენთშაშვილმა ბიბლიოთეკა დააარსა ქვემო მაჩხაანში, ხოლო ამავე წელს ლ. აბაშიძემ გახსნა წიგნების მაღაზია სამკითხველო კაბინეტით ოზურგეთში.“ (საბიბლიოთეკო საქმე საქართველოში (1921 წლამდე)).
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა