დავლაძე კორპუსის ნგრევაზე: მუშებს ვუთხარი, მზიდი კედლებია და ხელი არ მოკიდოთ-მეთქი

8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარ ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უჭირთ კონკრეტული პასუხისმგებელი პირების დასახელება.

რამაზ დავლაძე ამ კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები იყო. ნგრევისას მისი ოჯახის 4 წევრი: ცოლი, ძმა და ორი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა.

დავლაძე ამბობს, რომ მან პირველ ოქტომბერს იხილა კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და მუშებიც გააფრთხილა მზიდი კედლების შესახებ:

პირველ რიცხვში ჩავედი და ვუთხარი, რომ ეს არის მზიდი კედლები და ამას ხელი თქვენ არ მოკიდოთ. კი, ეს ვუთხარი მუშებს. მე რომ შევედი ოროთახიან ბინაში ფაქტობრივად შევედი დიდ სივრცეში. დიდ სივრცე იყო მთლად უკვე, არც კედელი ჰქონდა, არც არაფერი არ ჰქონდა”.

აქვე ის განმარტავს, რომ პირველ ოქტომბერს ამ საცხოვრებელ სივრცეში მზიდი კედლები ადგილზე იყო. თუმცა, არ იცის, როგორ წარიმართა სარემონტო სამუშაოები 2-დან 8 ოქტომბრამდე.

რამაზ დავლაძე ტრაგედიის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ თავად სახლი დილის 10 საათისთვის დატოვა და მახინჯაურში იყო, როცა ოჯახის წევრებთან დაკავშირების უშედეგო მცდელობის შემდეგ, მომხდარზე მეზობლისგან შეიტყო. მას უჭირს პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი  და მიაჩნია, რომ შემთხვევა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იკვლიონ და მომხდარის მიზეზები უმოკლეს ვადებში უნდა გახდეს ცნობილი.

​”დამენგრა ცხოვრება თავზე, მეტი რა უნდა ვთქვა. ერთ წუთში გადამიწყდა ცხოვრება… უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, ჩემზე მეტად ბედნიერი ადამიანი არ წარმომედგინა… ცხოვრება დამენგრა ფაქტიურად. ცრემლს ვეღარ გავაჩერებ თვალზე… დამრჩა ერთი ბიჭი და ეგაა რაც სტიმულს მაძლევს მართლა ცხოვრების და ამხელა ტრაგედიის გადაგორების. […] რა თქმა უნდა, მაქვს [კითხვები]. ოჯახი გამინადგურდა  გავღატაკდი კაცი, გავუბედურდი. რატომ უნდა იყოს ასე არ ვიცი“. – ამბობს რამაზ დავლაძე, ვინც ნგრევისას ოჯახის 4 წევრი დაკარგა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათგან 3 – ბავშვი.

გადარჩა ერთი კაცი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

შსს-მ ნგრევის საქმეზე პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.  აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდეს.

გამოძიების ვერსიით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

formula news

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: