“ქართული ოცნების” კიდევ ერთი დაკონსერვებული პროექტი, რომელიც 200 მილიონამდე ჯდება – თბილისი-რუსთავის მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და რუსთავის მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან, დავით კირკიტაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, იმის გამო, რომ პროექტის განხორციელება დათქმულ ვადაში არ მოხდა, აზიის განვითარების ბანკმა თანხა უკან გაითხოვა, ხელისუფლებამ კი, მშენებლობა დააკონსერვა.
“შევიკრიბეთ დღეს აქ, ადგილზე, სადაც უნდა გადიოდეს თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზა, რომლის პროექტიც და თანხაც დავუტოვეთ და გადავეცით ხელისუფლებას. ეს არის ადგილი, რომელიც მთლიანად დაკავშირებულია და სიმბოლოა “ქართული ოცნების”. აი ეს შეჩერებული, დაჟანგებული ტექნიკა და მესერი არის სიმბოლო “ქართული ოცნებისა” ხელისუფლების, რომელმაც უგულებელყო 150 000 რუსთაველის ინტერესები და მან ვერ დაასრულა პროექტი, 17-კილომეტრიანი მონაკვეთი. აზიის განვითარების ბანკმა, მთავარმა დონორმა იმის გამო, რომ პროექტი გაიწელა ვადაში, თანხა უკან გაითხოვა და ხელისუფლებამ დაააკონსერვა ამ გზის მშენებლობა…
მე მინდა მივმართო რუსთაველებს: ამაზე დიდი, ნათელი გამოვლინება აღარ შეიძლება იმისა, რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას რუსთავის მიმართ. დღეს თავს ვიკავებთ პროტესტის უფრო მძიმე ფორმისგან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რუსთაველები ადეკვატურ პასხუს გასცემენ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე.
მე, ვპირდები თითოეულ რუსთაველს, რომ როგორც მერი და ჩემ გვერდით დგანან საკრებულოს არჩეული დეპუტატები, მოსვენებას არ მივცემთ და ამ გზას აუცილებლად დავასრულებინებთ საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ეს რუსთაველებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – თქვა დავით კირკიტაძემ.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კი “ოცნება” დატოვებს ხელისუფლებას, რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მშენებლობას 6 თვეში დაასრულებენ.
ტვ მთავარი