დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე NCDC-ის Facebook-გვერდის საშუალებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა დაწყებულია.
მიმართვაში NCDC-ის ხელმძღვანელი წლის ბოლომდე მოსალოდნელ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია, რომლის გასააქტიურებლად ჯანდაცვის უწყებები ქვეყნის მასშტაბით „ვაქცინაციის მარათონს“ იწყებენ. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ამ მარათონში ჩართვისკენ მოუწოდებს.
„მეგობრებო, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება. მეხუთე ტალღა დაწყებულია. სამწუხაროდ, წინ ძალიან ცუდი ნოემბერი გველის. მისი გადავლა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იქნება, თუმცა მისი თავიდან აცილება შესაძლებელია, რადგან დღეს გვაქვს უკვე ეფექტური იარაღი, რათა შევაკავოთ პანდემია და გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე. პანდემიის შეკავებისთვის ერთ-ერთი მთავარი სწორედ ვაქცინაციაა. საჭიროა რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითიც ერთმანეთის სიცოცხლეს დავიცავთ. ეს პროცესი მსოფლიოს ბევრმა წარმატებულმა ქვეყანამ ეფექტურად მართა. ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც უხილავი მტრის შეჩერებასა და ერთმანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება.
მადლობა იმ მილიონ ადამიანს, ვინც თავისი სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და აიცრა.
დღეს თუ გვინდა გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე, დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, ჩვენს შვილებს მივცეთ უსაფრთხოდ განათლებისა და განვითარების საშუალება, კიდევ სულ მცირე ერთი იმდენი ადამიანი უნდა აიცრას, რაც აქამდეა აცრილი. საბედნიეროდ, ქვეყანაში ყველას სამყოფი ვაქცინა გვაქვს და არჩევანიც მრავალფეროვანია.
ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობაა საჭირო, სწორედ ამ მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ მარათონს და გთხოვთ მასში მონაწილეობას. ამ ომში დღეს ყველანი საქართველოს სამსახურში მყოფი რიგითი ჯარისკაცები ვართ, რომლებსაც გვაქვს შესაძლებლობა ავიცრათ ერთმანეთისთვის და გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლე.
ამ მოწოდებას დღეს მე, ჩვენი მთავარი სამედიცინო დაწესებულებიდან – ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვაკეთებ, სადაც ქართველ ექიმთა მთელი პლეადები აღიზარდა. სწორედ ეს კლინიკა აგვისტო-სექტემბერში, მასობრივი იმუნიზაციის პროცესში დღეში 4-5 ათას აცრას აკეთებდა. დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ყველა კიდევ ერთხელ გავითავისებთ პასუხისმგებლობას და წლის ბოლომდე, ყოველდღიურად ისევ გვექნება 20-25 ათასი აცრა, რითიც ჩვენი ქვეყანა მშვიდად შეხვდება 2022 წელს“, – მიმართავს ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს.