“პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს” – ღია წერილი ევროპიდან

გავლენიანი ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივ ღია წერილს ავრცელებენ, რომელსაც 70 ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის საქართველოდან.

ადრესატები ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი არიან.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

თქვენო აღმატებულებავ,
2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოს ახალმა მთავრობამ მხარი დაუჭირა რეფორმებს, რომელთა მიზანი იყო უსაფრთხოების, ასევე დასავლეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა, რაც ქართველ ხალხს სურდა. თითქმის 20 წლის შემდეგ, უკვე ადვილია, დაივიწყო მომდევნო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო გასაკეთებელი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს.

2012 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო, სხვა მმართველ პარტიას ჰქონოდა შანსი, განეხორციელებინა მართლმსაჯულებისათვის საჭირო რეფორმები, რათა გაგრძელებულიყო წინსვლა სრული დასავლური ინტეგრაციისკენ. მაშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონალური პრეცედენტის შექმნაში: მან უზრუნველყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რამაც მის პარტიას მოუტანა საარჩევნო დამარცხება და ძალაუფლება გადაეცა ახალ მთავრობას მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით.

2021 წლის 1 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და მაშინვე დააპატიმრეს იმ სასჯელისთვის, რომლისთვისაც იგი დაუსწრებლად იქნა ნასამართლევი. ცნობილია, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილი ერთ -ერთი იყო ათეულობით ყოფილ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც გაასამართლეს მათმა მემკვიდრეებმა. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის ნასამართლობისა, ბრალდება საერთაშორისოდ არ იქნა აღიარებული, რის გამოც არავის მოუხდენია მისი ექსტრადირება საქართველოში. ის განაგრძობდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები იყო პოლიტიკური დევნის აშკარა ნიმუში.

ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ იმ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში, უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში, რაც გამოწვეულია თავისუფალი პრესის კონტროლის მცდელობებით; ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და უცხოელი დიპლომატების დაშინებითა და თვალთვალით; მცდელობებით, რომ შეეზღუდოს სივრცე და რესურსი ხელისუფლებისადმი პოლიტიკურ ოპოზიციას.
ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური კონკურენტების და წინამორბედების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში ექსტრემალური პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტებითვის. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც არის საქართველოს საუკეთესო უსაფრთხოება ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ის კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს გზა და ახლა დუმილის დრო არ არის.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არსებული განცხადების გათვალისწინებითა და ამ პოლიტიკური კრიზისიდან ქართული დემოკრატიის გამოყვანის უზრუნველსაყოფად, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ მას არ ექნება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა, რათა პასუხი გასცეს მისთვის წაყენებულ ნებისმიერ ბრალდებას. საქართველოში მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის არარსებობის გამო, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეეწყოს დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის წინსვლას. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომლიდანაც მოგვიანებით „ქართულმა ოცნება“ გამოვიდა. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაეხსნას სტაბილიზაციისკენ მიმართულ ახალ ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად დაისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომელი ქართველ ხალხს სურს თავისი ქვეყნისთვის.” ნათქვამია ღია წერილში, რომელიც 2021 წლის 18 ოქტომბრით თარიღდება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share