“ველოდები, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა დაიცვას უკრაინის მოქალაქის, სააკაშვილის უფლებები“, – ამის შესახებ ლვოვის მერი, ანდრეი სადავოი საუბრობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ პუტინის მთავარი მტერია.
“მე და მიხეილმა გავიცანით ერთმანეთი რამოდენიმე კვირით ადრე, სანამ ის დატოვებდა საქართველოს პრეზიდენტის პოსტს. სააკაშვილი შემოვიდა დიდ დარბაზში, სადაც საზეიმო მიღება იმართებოდა უცხოეთიდან ჩამოსულ დელეგაციისთვის, რომლებიც თბილისობაზე ჩამოვიდნენ. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მიხეილმა რაღაც ჰკითხა თანაშემწეებს და მათ უკრაინის დელეგაციის მაგიდა აჩვენეს სადაც ისხდნენ. მთელი დარბაზის გავლით ჩვენამდე მოვიდა, უკრაინულად მოგვესალმა, გვკითხა შეიძლება თუ არა რომ შემოგვიერთდეს და თითქმის მთელი საღამო ჩვენთან, უკრაინელ სტუმრებთან ერთად გაატარა. გაცნობითი შეხვედრა მეორე დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაგრძელდა სადაც მიხეილმა მიგვიწვია. ძალიან დიდი აღტაცებით საუბრობდა ყველაფერზე რაც მისმა გუნდმა გააკეთა საქართველოში.
რამოდენიმე კვირის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ყოფილიყო. მისი პარტიიდან კანდიდატს არანაირი შანსი არ ჰქონდა გაემარჯვა. ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ხელში გადადიოდა, მაგრამ ის მაინც იმ ცვლილების ენერგიით იყო სავსე, რამაც განაცვიფრა მისი ქვეყანა თავის დროზე. უკრაინელები უყურებდნენ მაშინ საქართველოს, როგორც რაღაც არაჩვეულებრივს. როგორ და რანაირად მოახერხეს? ვარდების და ნარინჯისფერი რევოლუცია თითქმის თანატოლებია. ქართველებმა კი ეკონომიკური რეფორმები ჩაატარეს – რეფორმები საგადასახადო სფეროშიც, განახორციელეს საოცარი გარღვევა Doing Business რეიტინგში.
მოაწესრიგეს პოლიცია, ააშენეს იუსტიციის სახლები, სადაც მოქალაქეები იღებდნენ პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის წარმოუდგენელ სერვისს. ამ დროს უკრაინელებმა იმედგაცრუება განიცადეს რადგან ნებაყოფლობით გადასცეს ხელისუფლება იანუკოვიჩს. სააკაშვილი არ არის უბრალო ადამიანი და არ არის სავალდებულო ყველას მოსწონდეს. ის წმინდანი არ არის. წმინდანები ზეცაში არიან. მით უმეტეს მე არ მინდა ჭკუა დავარიგო ქართველებს თუ როგორ უნდა მოექცნენ ექსპრეზიდენტს.
სწრაფი და რადიკალური რეფორმები ყოველთვის წარმოშობს უკმაყოფილებას. მხოლოდ ერთი რამის იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა მოსწონთ თუ არა მათ სააკაშვილი – მათ ახსოვთ ვინ არის მათი ნამდვილი მტერი. მათ არ დავიწყებიათ ვინ ბომბავდა 2008 წელს და ვინ მართავდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებს, კლავდა ქართველ ჯარისკაცებს, ვინ გაყარა სახლებიდან. პუტინი არის ამ კონფლიქტის მთავარი ბენეფიციარი. როგორც იქნა მან მიაღწია საწადელს და მისი მთავარი მტერი ციხეშია და შიმშილობს იმ ქვეყანაში რომელმაც გაბედა და შეეწინააღმდეგა რუსეთის სამხედრო ჰეგემონიას 2008 წელს.
ქართველები არიან ათას და მეტი წლის ისტორიის და კულტურის ხალხი. გამოცდილება კი ბადებს სიბრძნეს. მჯერა, რომ ის აპოვნინებს ქართველებს ღირსეულ გამოსავალს. მე ველი რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა დაიცვას უკრაინის მოქალაქის, სააკაშვილის უფლებები. მე ვთხოვ ჩემს მეგობარ მიხეილს შეწყვიტოს შიმშილობა. მე მესმის პოლიტიკური მიზნები, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია – ამბობს ანდრეი სადავოი.