ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის “ნაჩუქარი” საკონცერტო დარბაზის შენახვაზე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 2017-2020 წლებში 29 მილიონი ლარი დაიხარჯა.
თავდაპირველად, შპს Black Sea Arena ივანიშვილის პანამური ოფშორის, Limestone Finance-ის კუთვნილებაში იყო, თუმცა 2016 წელის ივლისში ქართუ ფონდმა ობიექტის 100%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა საჩუქრის სახით.
საკონცერტო დარბაზი ყოველწლიურად სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ის ზედიზედ ოთხი წელია ზარალზე გადის, ანუ მის შენახვაზე გადასახადების გადამხდელთა თანხები იხარჯება, მიუხედავად ამისა, ობიექტი ყოველწლიურად თითქმის 5 მილიონი ლარით აზარალებს სახელმწიფოს და, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობას.
2017-2020 წლებში Black Sea Arena-ს დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან 32.7 მილიონი ლარი დაიხარჯა.
გამოყოფილი სუბსიდია წლების მიხედვით:
- 2017 წელი – 11 944 998 ლარი;
- 2018 წელი – 7 755 629 ლარი;
- 2019 წელი – 9 500 000 ლარი;
- 2020 წელი – 3 518 000 ლარი.
კომპანიის დაარსებიდან 2020 წლამდე აკუმულირებული ზარალის ჯამური მოცულობა 18.4 მილიონ ლარს შეადგენს.
ზარალი წლების მიხედვით:
- 2017 – 7 077 029 ლარი;
- 2018 – 4 349 000 ლარი;
- 2019 – 2 218 000 ლარი;
- 2020 – 4 573 000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო, ბოლო ორი წლის განმავლობაში საკონცერტო დარბაზში ღონისძიებები არ ჩატარებულა, თუმცა დასაქმებული პერსონალის რაოდენობა გაზრდილია, ხოლო უსაქმოდ დარჩენილი დარბაზის ცვეთის ხარჯები თითქმის არ შემცირებულა.
“ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის საჩუქრის მოვლა/შენახვა სახელმწიფოს ყოველ წელს რამდენიმე მილიონი უჯდება. პროექტი რომლის მიზანიც ტურისტების და დამატებითი შემოსავლის მოზიდვა უნდა ყოფილიყო, პირიქით ზარალის მომტანი აღმოჩნდა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის”. – წერია ფლანგვის დეტექტორის ანგარიშში.