დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი სისხლის სამართლის განაჩენები გაასაჯაროოს.
15 ოქტომბერს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გადმოცემის მოთხოვნით, რაზეც მათ 18 ოქტომბერს უარი მიიღეს, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით.
“სასამართლოს ასეთი პრაქტიკა გამონაკლისი არ არის, სასამართლოები სისტემატურად აცხადებენ უარს კონკრეტული პირების მიმართ გამოტანილი განაჩენების გასაჯაროებაზე, მათ შორის ისეთ საქმეებზე რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უარი არის როგორც უკანონო, ასევე დაუსაბუთებელი. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას”, – წერია განცხადებაში.
იურისტები მიიჩნევენ, რომ იურიდიულ პროფესიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს და საქართველოს მოსახლეობას აქვს სრული უფლება იცოდეს თუ რისთვის იქნა მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი.