გუშინ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის თეატრში იმყოფებოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას , მან ოზურგეთის მერობის კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა , რომ მანამ სანამ ოზურგეთს მერად “ქართული ოცნების” წარმომადგენელი მერი ჰყავდა,ოზურგეთის ბიუჯეტი 17 მილიონიდან 44 მილიონამდე გაიზარდა. ღარიბაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი მერი კონსტანტინე შარაშენიძე, თითქმის არ თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან და შესაბამისად, ოზურგეთის მიმართ მოტივაცია და ინიციატივაც ნაკლები იყო:
“არჩილ თალაკავაძესთან ერთად მოვიყვანეთ სტატისტიკა ახლა, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ოზურგეთის ბიუჯეტი იყო 17 მილიონი , 44 მილიონამდე გავზარდეთ მანამ სანამ მერი ჩვენი კანდიდატი იყო,მაგრამ სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ რადგან ოზურგეთს ჰყავდა დაოუკიდებელი მერი და ის არ თანამშრომლობდა ჩვენთან, მოტივაციაც ნაკლები იყო და შესაბამისად ნაკლები ინციატივებიც მომდინარეობდა..”
პრემიერის ამ განცხადებას გამოეხმაურა ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე:
“არჩილ თალაკვაძე რომ ტყუილების დიდოსტატია, ოზურგეთელებისთვის ამის შეხსენება საჭირო არ არის, მაგრამ პრემიერ მინისტრიც ისე ოსტატურად შეუყვანია შეცდომაში, თითქოს კოტე შარაშენიძის ნაკეთები საქმეები ჯერ არ უნახავს ოზურგეთს.
არჩილს იმის თქმაც დავიწყებია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული შიდა რეიტინგების მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ლიდერი პოზიციებიდან და პირველი ხუთეულიდან არასდროს რომ არ ამოვარდნილა. როგორც ჩანს, არც ის აუხსნია, რომ კონსტანტინე შარაშენიძეს არა ერთი ჯილდო აქვს მიღებული, როგორც წარმატებულ მერს, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული პროექტების განხორციელებისათვის.
დამოუკიდებელი კანდიდატი გვყავდა ოზურგეთში და ამის გამო ბევრი პროექტის განხორციელება შეუძლებელი გახდა „წყვეტის გამოო“, რისი თქმა გსურდათ ბატონო პრემიერო, კოტე შარაშენიძე მუნიციპალიტეტის განვითარებას აფერხებდა და პასუხს ვერ ვთხოვდითო?
ბატონ არჩილს თქვენთვის ის მონაცემები თუ აქვს მოწოდებული, როცა „თქვენიანი“ მერი გყავდათ, იმ დროს რა გაკეთდა ადგილზე იმაზე მეტი, რაც დამოუკიდებელი კანდიდატის მმართველობის დროს და თუ კი, 4 წლის განმავლობაში ოზურგეთიდან პარლამენტის მაჟორიტარსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ამაზე რეაგირება რატომ დაუგვიანდა?
და თუ, კონსტანტინე შარაშენიძემ ყველანაირი „წყვეტის“ პირობებში ამდენის გაკეთება შეძლო, სწორედ ეს ნიშნავს იმას, რომ კოტემ იმუშავა ხალხისთვის, ოზურგეთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და არა პარტია „ქართული ოცნებისთვის“, რაც თქვენ, როგორც ჩანს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში გერევათ.” – წერს შარაშენიძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: