საქართველოს კლინიკების ასოციაცია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს. ასოციაცია აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი საშიში კატეგორიის დამნაშავეთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომ ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ.
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
“საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ მიეკუთვნება ისეთი განსაკუთრებით საშიში კატეგორიის დამნაშავეთა რიცხვს, რომ იგი გადაყვანილ იქნას გლდანის ციხის საავადმყოფოში!
პრეზიდენტის შიმშილობის შედეგად შესაძლებელია საქმე გვქონდეს პოლიორგანული ფუნქციების დარღვევასთან, ამიტომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მულტიპროფილური სტაციონარული მკურნალობა და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა, რისი შესაძლებლობა სამწუხაროდ ციხის საავადმყოფოს არ გააჩნია.
პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილური, მაღალკვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის ბაზაზე.
მადლობა ღმერთს თბილისი ასეთი კლინიკების სიმწირეს არ განიცდის.
ვილი პაჭკორია
საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი.”
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 21-ე დღეა შიმშილობს. ის პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა.