„მიუხედავად იმისა, ტესტი რას აჩვენებს, თუ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების მხრივ სიმპტომები: ახველებს, აქვს სურდო და ნამდვილად გრძნობს თავს ავად, აქვს ინფექცია, უნდა მოერიდოს სხვებს“, – განაცხადა დღეს, 22 ოქტომბერს, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
მისივე თქმით, საკმაოდ ხშირია სწრაფი და PCR ტესტირების შედეგად მიღებული ცრუ პასუხები. ამიტომ, ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში ადამიანები უნდა იზოლირდნენ.
“ხშირია არა მხოლოდ პირველ ეტაპზე, არამედ ზოგადად, ანტიგენნეგატიური და PCR-ნეგატიური პაციენტებიც კი ძალიან ბევრია, ამიტომ, თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მიუხედავად იმისა დაუდასტურდება თუ არა კოვიდი ლაბორატორიულად, ის მაინც უნდა ეცადოს, რომ მოერიდოს სხვებს, თუნდაც იმიტომ, რომ თუ სიმპტომები აქვს ე.ი. რომელიღაც რესპირაციული ინფექცია მაინც აქვს.
ადამიანები თავს იმშვიდებენ, რომ გაცივდნენ და ამიტომ აქვთ სიმპტომები. ასეთი რაღაც არ არსებობს – გაციება, ყველა შემთხვევაში არის რომელიღაცა ვირუსი, რომელიც არის გადამდები და უქმნის სხვებს საფრთხეს.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, ტესტი რას აჩვენებს, თუ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების მხრივ სიმპტომები: ახველებს, აქვს სურდო და ნამდვილად გრძნობს თავს ავად, აქვს ინფექცია, უნდა მოერიდოს სხვებს – ეს არის მარტივი წესი,” – განაცხადა ბუწაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში.