ზაზა დამენიას დღეს 49 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 49 წელი შეუსრულდებოდა.

ამ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძემ, მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო ეროვნული გმირის ხსოვნას, ასევე შეხვდა მის ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა გმირის დედას, მამულისათვის თავდადებული შვილის აღზრდისთვის.

„ დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა, რომელიც 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. ზაზა დამენიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. მან სამშობლოს კეთილდღეობას და ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლე შესწირა. იგი ყოველთვის დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ვაჟკაცობისა და თავგანწირვის სიმბოლოდ! ღმერთმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი!”- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

კაპრალი ზაზა დამენია ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში მსახურობდა. იგი 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. ზაზა დამენიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. იგი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა, რითაც სამი თანამებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share