დეგნანი: პრობლემის გადაჭრის მოლოდინი მაქვს, ქართველების ინტერესშია პარლამენტის არსებობა

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აქვს პრობლემის გადაჭრის მოლოდინი და პარლამენტის არსებობა ყველას ინტერესშია.

“პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა იყო. ყველა მოვიდა. ყველა ელოდება რეალურ გამოსავალს. მოლოდინი მაქვს, რომ პრობლემა გადაიჭრება და კომპრომისი იქნება მიღწეული. ქართველების ინტერესშია პარლამენტის არსებობა”, – განაცხადა დეგნანმა.

დღეს, 20 ნოემბერს ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, ჰარცელი და ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდებოდნენ.

ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა.

ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share