ლომჯარია: არ შეიძლება შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, ასე იწყება ტერორიზმი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერეთლის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება.

“ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი! სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა – პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში ( ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება!”, – წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, თბილისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მან 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა ჯერ 2 ადამიანი გაათავისუფლა და შემდეგ კიდევ 4. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმყოფებოდა სპეცრაზმიც.

საბოლოოდ, რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა და ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლა.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share