The Guardian-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ აუცრელი ადამიანები COVID-19-ით საშუალოდ 16 თვეში ერთხელ ინფიცირდებიან.
მეცნიერთა თქმით, დროთა განმავლობაში კორონავირუსის მიმართ ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტი მცირდება, რაც ხელახალი ინფიცირების რისკებს ზრდის. კვლევის მიხედვით 65 წლამდე ასაკის პირები Sars-CoV-2-ით რეინფიცირებისგან და გართულებებისგან 80%-ით არიან დაცულნი, მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში. 65 წელს გადაცილებული ადამიანების შემთხვევაში კი 6 თვიან პერიოდში დაცვის მაჩვენებელი მხოლოდ 47%-ს შეადგენს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დელტა ვარიანტის დომინირებამ ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა და ვირუსგადატანილთა რეინფიცირების შანსები გაზარდა.