სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნა დანაშაულია – კლინიკების ასოციაციის მიმართვა ღარიბაშვილს

საქართველოს კლინიკების ასოციაციის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კიდევ ერთ ღია მიმართვას ავრცელებს და პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. ასოციაცია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილურ კლინიკაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, პასუხისმგებლობა პირადად მასაც დაეკისრება.

ღია მიმართვაში აღნიშნულია, რომ როდესაც საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნას, ეს დანაშაულია და დაუშვებელია.

“საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობიდან გავიდა 24 დღე, რის შედეგად შესაძლებელია, მას განუვითარდეს პოლიორგანული ფუნქციების დარღვევა, რაც თავისთავად გულისხმობს რამდენიმე ორგანოსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემის ერთობლივ დაზიანებას, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე აუცილებელია თანმიმდევრული დიაგნოსტიკა და მონიტორინგი, რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიური კვლევები და მულტიპროფილური სტაციონარული მკურნალობა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების უწყვეტი ჩართულობით. საქართველოს კლინიკების ასოციაცია გაცნობებთ, რომ ზემოხსენებული პროცედურების განხორციელება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური არჭურვილობის არ არსებობის გამო, ციხის საავადმყოფოს პირობებში სამწუხაროდ შეუძლებელია.

ბატონო პრემიერო, გვსურს ოფიციალურად ჩაგაყენოთ საქმის კურსში, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილური, მაღალკვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის ბაზაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო რეაგირება დაგვიანდება და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზედაც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დაგეკისრებათ პირადად თქვენ.

პატივს ვცემთ ადამიანის პროტესტის გამოხატვის ყველა ფორმას, მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნას, ეს დანაშაულია და დაუშვებელია. გთხოვთ, შექმნილი ვითარება შეფასდეს ადექვატურად და მიღებულ იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება”, – აღნიშნულია მიმართვაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში 25-ე დღეა შიმშილობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: