„დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირკალი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძე ამბობს, ოპოზიცია ფარულად მუშაობს ამომრჩევლების მობილიზებაზე.
„როგორც მოგეხსენებათ დღეს იმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, შეგახსენებთ რომ მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე. გარდა ამისა, ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიციური პარტიები მეორე ტურებში მონაწილეობას არ იღებენ და პარლამენტში შესვლასაც არ აპირებენ.
იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა „ქართული ოცნების” წარმომადგენელია. დარჩენილი 17 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობდა ოპოზიცია.