შავი ფული ,,ოცნების” აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ- მმართველმა პარტიამ თითო მოქალაქეს 50 ლარი და საჭმელი დაურიგა.
თბილისში წამოსვლამდე აქციის მონაწილეებს ჯერ ფენოვანი ხაჭაპურებით გაუმასპინძლდნენ, ცომეულის მარაგი რომ ამოეწურათ, მენიუ გაცილებით არამიმზიდველი გახდა. უკვე თბილისში ჩამოსვლის დროს ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერების სუფრა ასე გამოიყურებოდა- ერთი ბოთლი ტყემალი, კამფეტი ნუგა და ერთი ბოთლი ალოეს წვენი.
მიტინგზე მისულები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ დაპირებული სადილის ნაცვლად დიდი უყურადღებობა შეხვდათ. მოქალაქეების ნაწილი კამერის წინ არ უარყოფდა, რომ მიტინგში მონაწილეობის მისაღებად თანხა აიღო, ოღონდ ცდილობდა აეხსნა, რომ ეს არა ქრთამი, არამედ სახარჯო ფული იყო .
მოსახლეობის ნაწილს დაპირებული საკვები არ დაურიგეს. უთხრეს, რომ კვებას გრძელი გზის შემდეგ მმართველი პარტია საკუთარ თავზე აიღებდა, თუმცა მოატყუეს. აქციაზე ჩამოყვანილების ნაწილმა სახელდახელო სუფრა სკვერებში გაშალა, ზოგს ლუდი მისცეს, ზოგმა კი თავიდანვე გათვალა, რომ პარტია მშიერს დატოვებდა და საგზალი სახლიდან წამოიღო.
ტვ პირველი