რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ქართველი ემიგრანტები მივიდნენ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ.
ისინი სხვა ემიგრანტებსაც მოუწოდებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში და მხარი დაუჭირონ გაერთიანებულ ოპოზიციას.
“ჩამოვედით მიშას ერთ-ერთ ბოლო მოწოდების შემდეგ, როცა მან ემიგრანტებს მოგვმართა, თუ გაქვთ საშუალება, ჩამოდითო. უკვე 4 დღეა, საქართველოში ვართ და ვრჩებით აქ არჩევნებამდე. ვისაც გვაქვს საშუალება არჩევნებში მონაწილეობის, მივიღებთ მონაწილეობას და შემდეგ დავბრუნდებით… ჩვენი მიზანია არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერა”, – თქვა აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, დავით ცქიფურიშვილმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილთან მისი ადვოკატი, გიორგი გელხაური შევიდა. შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. მას შემდეგ, რაც მესამე პრეზიდენტს ციხეში დამატებითი შეზღუდვები დაუწესეს, მიხიელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს.