“ირაკლი, ჩვენც ვიყავით თქვენი ხნის და თქვენც იქნებით ჩვენი ხნის!…გამოცდილება და სიბრძნე ასაკით მოდის”-კვიციანი 

პრემიერ ღარიბაშვილის მიერ თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა კანდიდატისათვის გზის დათმობის შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმაურება ყოფილი პარლამენტარი ემზარ კვიციანი.

კვიციანი თიანეთელებს მიმართავს და თამაზ მეჭიაურის თავდადებულ შრომას იხსენებს საკუთარი კუთხის სასიკეთოდ.
„თიანელებო! ყველამ კარგად იცით ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება და პატივისცემა. ეს არაა განპირობებული მხოლოდ იმით, რომ მეც მთის შვილი ვარ თქვენსავით. მე თიანელები და თიანეთი ამ ორმა კაცმა შემაყვარა! მახსოვს მერობის დროს მთელი დღეები ქუჩა-ქუჩა მისი შრომა და თავდადება. არცერთი მშენებლობა არ გამორჩებოდა, ყველგან ყველაფერს ამოწმებდა რათა ყველაფერი ხარისხიანი და ლამაზი ყოფილიყო. თან არცერთი შეხვედრა მოსახლეობასთან არ გადაუდია, ყველაფერს ასწრებდა და თავისთვის ძვირფას თიანელებს ყველანაირ დახმარებას უწევდა!
ეს იყო ასაკოვანი თამაზ მეჭიაური!“- წერს ემზარ კვიციანი.

კვიციანი ამბობს, რომ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გული ატკინა და პრემიერს შეახსენებს, რომ გამოცდილება და სიბრძნე, ასაკთან ერთად მოდის.
„გული დამწყდა, როცა ჩემთვის მართლა პატივსაცემმა პრემიერმა, სააკაშვილის სიტყვები გაიმეორა ასაკთან დაკავშირებით!
ჩემო ძვირფასო ირაკლი გამოცდილება და სიბრძნე ასაკით მოდის. ამის უგულებელყოფა სააკაშვილმა შემოიტანა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით და თქვენ მაგ გზას არ გაჰყვეთ ძალიან გთხოვთ! ჩვენც ვიყავით თქვენი ხნის და თქვენც იქნებით ჩვენი ხნის!
თიანელებო 30-ში ყველანი ბერმუხას გვერდით მინდა გიხილოთ გამარჯვებულნი!!! უფალს ებარებოდეთ!პატივისცემით, თქვენი ემზარ კვიციანი! დიდება ღმერთს!“- წერს ემზარ კვიციანი.

ცნობისათვის,  თიანეთის მერის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მათი გუნდის ყოფილმა წევრმა, თამაზ მეჭიაურმა, გზა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა კანდიდატს უნდა დაუთმოს.
„თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, აქ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი
მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს . მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს და „ნაციონალების” წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share