სუსმა სახელმწიფოს დამხობის მუხლით კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. როგორც სუს-ში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით, უწყებამ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
“გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ განზრახული აქვთ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს ადგილი შესაძლოა ჰქონდეთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც.
აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაბარებული გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
სუს-ის მტკიცებით, საუბარი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ჩანაწერი 2-საათიანია და დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს.