თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთპარტიული მმართველობა დამღუპველი არაა და ამასთან დაკავშირებული აზრები მცდარია. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
“ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო და არ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა. თანამედროვე სამყარო არაერთ სისტემას იცნობს. მინდა გითხრათ, მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა არის დამღუპველი”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდი არის ერთადერთი პერიოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყანაში არ მომხდარა ომი და არ დაკარგულა ტერიტორიები.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს და შეიქმნას კოალიციური მთავრობა. ამავე დროს, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არჩევნებში ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და სხვა პარტიებთან კოალიციაში შესვლა არ დასჭირდებათ.