ბიძინა ივანიშვილის ქონება ბლუმბერგის გათვლებით, ნოემბერში 5 მილიარდ 600 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. კორონაკრიზისის პირველივე კვირებში ოლიგარქმა ნახევარ მილიარდ დოლარამდე იზარალა, თუმცა დანაკარგი მალევე აინაზღაურა. მეტიც, მისი აქტივების ღირებულება ერთი წლის წინანდელ ნიშნულს უკვე 100 მლნ დოლარითაც კი უსწრებს.
საერთაშორისო ანალიტიკოსების მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე 4 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ნაღდ ფულსა და მასთან გათანაბრებულ აქტივებს ფლობს, კიდევ 1 მილიარდად არის შეფასებული ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, ოფიციალური მონაცემებით ოლიგარქის ბალანსზეა უძრავი ქონება – საერთო ღირებულებით 45 მილიონი დოლარი.
გავარკვიეთ, რომ ანალიტიკოსების კალკულაციაში საერთოდ ვერ მოხვდა მაგალითად ივანიშვილის ოჯახის სადაზღვევო პოლისები. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კი ოფშორში ორი ასეთი პოლისი იპოვეს, რომელთა ჯამური ღირებულება 750 მილიონი დოლარია. ამ დოკუმენტების მიხედვით ბიძინა, ბერა, ცოტნე და გვანცა ივანიშვილების და ბიძინას მეუღლის – ეკატერინე ხვედელიძის სიცოცხლე 750 მილიონ დოლარადაა დაზღვეული.
ოლიგარქის სახელთან 9 ოფშორული კომპანია და საქართველოში რეგისტრირებული 70-ზე მეტი ორგანიზაციაა სხვადასხვა სახითაა დაკავშირებული.
ბლუმბერგის ანალიტიკოსების მიერ ივანიშვილის ქონების დაანგარიშებაში ასევე ვერ მოხვდა 1900 კვმ პროექტი პანორამა თბილისი, რომლის ჯამური ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარამდეა და რა ტერიტორიის ნაწილიც ივანიშვილს 1 ლარად გადაეცა.
ოფიციალურ კალკულაციაში არ აისახა აბასთუმანში ივანიშვილის მიერ შესყიდული 23,585 კვადრატული მეტრის ტერიტორია, ასევე არ აისახა ე.წ წყალტუბოს პროექტიც, რის მიხედვითაც ივანიშვილმა სარეაბილიტაციოდ 22 სასტუმრო და 9 აბანო შეისყიდა. მილარდერის ქონების ჩამონათვალში ეს აქტივები იმ მიზეზით ვერ მოხვდა, რომ ეს ობიექტები ოფშორულ კომპანიებზეა გადაწერილი, მათ შორის შუშის სასახლეც.
მაშინ, როცა ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია ერთი კაცის სამართალზეა გადაწყობილი, ამ თავისივე სამართლით ივანიშვილი კანონს ნამდვილად არ არღვევს. მანამ სანამ ქვეყნის მართვის სადავეები ქართული ოცნების ხელშია, ვერც ვერავინ შეეხება მის მილიარდობით გადამალულ ქონებას, თუმცა ფაქტია – ქვეყანაში შექმნილი ტოტალური გაჭირვების და შიმშილის პარალელურად, ერთადერთი, ვის საბანკო ანგარიშებზეც დოლარების რაოდენობა ყოველდღიურად უფრო და უფრო მაღლა იწევს, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.