ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი არჩევნების შესახებ დასმული კითხვის პასუხად კითხვითვე პასუხობს.
“მთვარია ხალხის ხმა, მე ასე ვფიქრობ. ამ არჩევნებზე გაჟღერდა ხალხის ხმა? უამრავ ინტერვიუს იღებთ, როგორ ფიქრობთ, გაჟღერდა?” – უთხრა მან ჟურნალისტს.
ეპისკოპოსის თქმით:
“პოლარიზებულია საზოგადოება და ძალიან მტკივნეულია ამისი აღქმა, რადგან ამ პოლარიზების გაგრძელების შემთხვევაში სიკეთე არ გველოდება. სხვა გზა და არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ერთმანეთისკენ გადავდგათ ნაბიჯი”.
გუშინ, 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მასში მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რადგან ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები იყვნენ, თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.
ცესკო-ს მონაცემებით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26% შეადგინა და 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ გვიან ღამით, ცესკო-ს საიტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები იყო გამოქვეყნებული და ისინი 100%-ს აღემატებოდა. საარჩევნო რუკაზე ჩანდა, რომ მაგალითად ანზორ ბოლქვაძეს ხმების 110% ჰქონდა მიღებული. შალვა კერესელიძეს – 101%; სოზარ სუბარს – 164%; ირაკლი ჩიქოვანს 118% და ა.შ. მოგვიანებით, ცესკომ განცხადება გაავრცელა და რუკაზე დატანილი ციფრები ტექნიკურ ხარვეზად მოიხსენია. იყო რამდენიმე დაუბალასებელი ოქმიც.
ოპოზიციური პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია – ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.