საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.
მისი თქმით, შეღავათები ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას.
“2019 წელს ჩვენ საგადასახადო კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, მექანიზმი, რომელიც გვაძლევს დღეს შესაძლებლობას, კომპანიებს, რომლებსაც მივანიჭებთ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს, დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით. პოსტ პანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში, გლობალური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას როგორც ქართულ კომპანიებს, მიიღონ სტატუსი, ასევე, საერთაშორისო კომპანიებს, შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა საქართველოდან მუშაობისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სტატუსის მისაღებად მექანიზმი პირველ რიგში საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული და IT კომპანიებისთვის შეიქმნება.
“ძირითად ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ რომელი დარგების, რომელი მიმართულებების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე IT კომპანიები. ორივე მიმართულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის”, – თქვა გახარიამ.