მიმდინარე სეზონში სტატისტიკაზე დაყრდნობით საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES) მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა. რეიტინგი 33 ეროვნული ჩემპიონატის მონაცემებია გათვალისწინებული.
ფეხბურთელებს ადგილები, ყოველ ნათამაშებ 100 წუთში განხორციელებული წარმატებული დრიბლინგების ინდექსის მიხედვით მიანიჭეს.
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მეშვიდე ადგილზე იმყოფება. მისი დრიბლინგის ინდექსი 7.82-ია.
კვარაცხელია უსწრებს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: ნეიმარი, კილიან მბაპე, ვინისიუსი, ალფონსო დევისი, რაფაელ ლეაო…
კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელიც CIES-ის სიაში მოხვდა: 36-ე პოზიციაზე ოდესის ჩერნომორეცის შემტევი გიორგი წიტაიშვილია, (6.07), ხოლო 54-ე ადგილზე ტულის არსენალის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი (5.48).
სიას სათავეში ვულვზის შემტევი ადამა ტრაორე (11.24) უდგას, მეორე პოზიციას უნივერსიდად დე ჩილეს ფეხბურთელი, ნაჰუელ ლუხანი (9.68) იკავებს, მესამე მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი ჩიდერა ეჯუკეა (9.29).