“მე თქვენი ფანი არასოდეს ვყოფილვარ!არ მეგონა , თუ ასე გტკიოდათ ქვეყანა… თუ ასე შეგეძლოთ თავგანწირვა…”-ქართველი ექიმი სააკაშვილზე

“მე თქვენი ფანი არასოდეს ვყოფილვარ!   არ მეგონა , თუ ასე გტკიოდათ ქვეყანა… თუ ასე შეგეძლოთ თავგანწირვა…

თქვენ დღეიდან ჩემი და ჩემნაერების პრეზიდენტიც ხართ!
თქვენ დიდი ადამიანი ხართ!
მადლობა რომ არსებობთ!..”- ასე მიმართვას გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნინო ნაცვალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს:
“ბატ.Micheil Saakašvili Mikheil Saakashvili მიხეილ სააკაშვილს, ბატონო პრეზიდენტო!.. და ასე მინდა მოგმართოდ დღეიდან…
რამოდენიმე თვის წინ დამირეკა გერმანიაში მცხოვრებმა ქალბატონმა და მიმიწვია ქ. ჰამბურგში, სადაც მზადდებოდა მ. სააკაშვილის შეხვედრა გერმანიაში მყოფ სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან. შეკითხვაზე- რატომ მეც ?!- ასეთი პასუხი მივიღე: თქვენმა ერთ-ერთმა პოსტმა ბატ. მიშას დაინტერესება გამოიწვია, თავის გვერდზეც გააზიარა და თქვენი გაცნობა სურსო. არ ვიცი, რამდენად რეალური ამბავი მითხრა ქ-მა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მე უარი ვთქვი… დროის უქონლობა მოვიმიზეზე. სინამდვილეში კი , არ ჩავთვალე შეხვედრა საჭიროდ. არ მხიბლავს მაინც და მაინც გაპოლიტიკოსებული ექიმები, არც “ჩვენი ფოტოთი” კეკლუცობა მინდოდა სოციალურ ქსელში და რაც მთავარია, ბატ. პრეზიდენტო, მე თქვენი ფანი არასოდეს ვყოფილვარ!..
ყველაფრის მიუხედავად, ვაღიარებ იმას, რომ თქვენი პრეზიდენტობის დროს ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში სასიკეთოდ. თქვენს რეფორმებთან , რევოლუციურ ევოლუციასთან ერთად, რომელიც მტკივნეული, მაგრამ მაინც პროგრესული იყო, არასოდეს დამვიწყებია ის ტკივილიანი საქმეები, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მათ შორის მეც, ვერ დავივიწყეთ და ვერც გაპატიეთ. არ დამვიწყებია სანდრო, არც ბუტა , არც გენერალი თეთრაძე… ის საქმეები, რომლის გამოც გაკეთებული დიდი სიკეთე ყოველთვის იჩრდილებოდა, რომელთა გამოც ყველა კარგ საქმეს ბოდიში აკლდა , დიდი ბოდიში ხალხის მიმართ. ყველაფერი ამის გამო არ მინდოდა თქვენთან შეხვედრა.
დღეს ბევრი რამ შეიცვალა ჩემთვის… არ მეგონა , თუ ასე გტკიოდათ ქვეყანა… თუ ასე შეგეძლოთ თავგანწირვა… არც ის მჯეროდა, რომ ასეთი გზით ჩამოხვიდოდით , მით უფრო იმ დროს, როცა ჩვენი მომავლის საკითხი წყდება. არც ის მჯეროდა, რომ თქვენი ნებით საკანში ჩაჯდებოდით და საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუმტკიცებდით საზოგადოებას ქვეყნის სიყვარულს, იდეისთვის თავგანწირვას, თქვენს სიმტკიცეს, მოწინააღმდეგეზე მორალურ გამარჯვებას, და ბოლოს და ბოლოს, სულ მცირე გამოაფხიზლებდით ქვეყანას. ქვეყანას, რომელიც , ერთი შეხედვით, ყოველგვარ გასაჭირს შეგუებია და იტანს ყველაფერს, სანამდეც შეუძლია…და ელოდება სასწაულს, რომელიც არსაიდან ჩანს….დღესაც მიჭირს იმის აღქმა, რომ ეს ნაბიჯი თქვენ გადადგით!
ბოდიშს გიხდით, როგორც მოქალაქე, და არა როგორც ექიმი, შიმშილის შეწყვეტას რომ ვერ გთხოვთ, რადგან მეც იმ საზოგადოების წევრი ვარ, რომელსაც დრამა ალბათ ყველაზე მეტად უყვარს, რომელიც მხოლოდ დანაკარგის და მსხვერპლშეწირვის მერე არჩევს კარგსა და ცუდს, წლების და ზოგჯერ საუკუნის მერე ხედავს თავის შეცდომებს; იმ საზოგადოების, სადაც თითოეული ადამიანი მხოლოდ საკუთარი სარკმლიდან აფასებს დიდსა და მასშტაბურს. ასეთია საზოგადოება, რომლის გამოც თითქოს არ უნდა ღირდეს სიცოცხლის სამსხვერპლოზე მიტანა, მაგრამ დიდი ადამიანები ხომ სწორედ ასეთი”საზოგადოებისთვის”, მისი გაზრდისა და ხვალინდელი დღისთვის არსებობენ, ასეთი ადამიანები ქმნიან ისტორიას.
არაფერი ისე არ გამოაჩენს ადამიანებსა და პიროვნებებს, როგორც მათი დამოკიდებულება მტერთან და მოწინააღმდეგესთან. ეს სწორედ დღევანდელ ხელისუფლებას ეხება, რომელმაც ბოლო წლებში საკუთარი მოყვარის მტრად ქცევა შეძლო, რომელმაც თქვენი შესაძლებლობები და გაკეთებული საქმეები ჩემნაერებსაც კი დაანახა, რომელმაც გუშინდელი არჩევნებით თავმოყვარეობა შეულახა ქვეყანას, რომელმაც ეს წლები მხოლოდ თქვენთან ბრძოლას შეალია და სხვა ყველაფერი დაივიწყა.
თქვენ დღეიდან ჩემი და ჩემნაერების პრეზიდენტიც ხართ!
თქვენ დიდი ადამიანი ხართ!
მადლობა რომ არსებობთ!..
როგორც ექიმი, უპირველესს ყოვლისა, გისურვებთ ჯანმრთელობას და გამძლეობას…როგორც მოქალაქე, მოვითხოვ , არასოდეს განმეორდეს “ხიბულას ტრაგედია” და პრეზიდენტები ( განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა), როგორც ქვეყნის ღირსების სიმბოლოები, ბოლომდე იყვნენ დაცულები!..
სიკეთე, სიმშვიდე და ერთიანობა ჩვენს ქვეყანას და ხალხს!
P. S. ბატ. ნიკა სააკაშვილს, Nikoloz Saakashvili ჩემთვის “ნიკა ბიძიას”, მაპატიეთ, თუ რამე არ მოგეწონათ ჩემს პოსტში. მიუხედავად ჩემი წერილისა, ჩემი თქვენი და თქვენი ოჯახისადმი დამოკიდებულება ყოველთვის იყო და არის გულწრფელი, პატივისცემით სავსე. გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას. მიგულეთ თქვენს გვერდით.”- წერს ნაცვალაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share