სახიფათოა, რომ უსაფრთხოების სამსახური პარტიულ სტრუქტურას დაემსგავსა-სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარტიულ სტრუქტურას დაემსგავსა.

“სახიფათოა ქვეყნისთვის, რომ უსაფრთხოების სამსახური დაემსგავსა პარტიულ სტრუქტურას. აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ტერმინებით, პათოსით მახსენებს შალვა პაპუაშვილის ბრიფინგების ტექსტს. მუქარაა ჩვეულებრივი, რომელიც არ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს და არ ვხედავთ რაიმე მსგავს”, – თქვა სამნიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ “სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირების მხრიდან ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით”. უწყებას არ ავიწყდება შეხსენება, რომ ეს დასჯადია.

სუს-მა ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით 29 ოქტომბერს დაიწყო.

უწყების მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ ხელის შეშლის მიზნით, “გზების ბლოკირება და დესტრუქციული ქმედებებით, ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share