ჩემი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია – არა და არასდროს-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია.

დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა:

პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია. არა და არასდროს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობს სპექტრის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას.

ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას, რათა მისი ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებლი პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს არის და ეს. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები”.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 34-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share