სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობა 633 586-მდე გაიზარდა. შედეგად, საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17% იღებს.
სექტემბერთან შედარებით სოციალური შემწეობის მიმღებთა ოდენობა 5 430 ადამიანით არის გაზრდილი. შემწეობის მიმღებთა რიცხვი ყველაზე მაღალია თბილისში – 129 311 ადამიანი, შემდეგ იმერეთი მოდის, სადაც სოციალურ შემწეობას 82 216 ადამიანი იღებს. მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი 75 842 შემწეობის მიმღებით.
სააგენტოს ინფორმაციითვე, ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისთვის გადარიცხულმა თანხამ 43 377 707 ლარი შეადგინა. სექტემბერთან შედარებით თანხის ოდენობა 236 685 ლარით გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების საფუძველზე, არ ხდება შემწეობის მიმღებთა სიაში მყოფი ოჯახების სოციალური მდგომარეობის რეგულარული გადამოწმება, თუკი ამას თავად ოჯახი არ ითხოვს.
შესაბამისად, პირები, რომლებიც იქამდე უკვე იღებდნენ დახმარებას, მათი სოციალური მდგომარეობის შესაძლო ცვლილების მიუხედავად, კვლავ აგრძელებენ დახმარების მიღებას.