რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი მივიდა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან პატრიარქმა წერილი გაატანა, რომელშიც ილია მეორე მესამე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, შიმშილობა შეწყვიტოს.
“კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა გადავცე ეს წერილი და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა არის და რჩევა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შეწყვიტოს”, – თქვა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
კითხვას – თვლის თუ არა საჭიროდ საპატრიარქო, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართოს, ბოტკოველმა ასე უპასუხა: “საპატრიარქო ასეთ თხოვნას ვერ გააკეთებს, რადგან ასეთი უფლება აქვს ქვეყნის პრეზიდენტს”.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. როგორც დღეს ადვოკატებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილის ანალიზების მაჩვენებელი შემაშფოთებელია.