ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპიზიციის ნაწილს არ უნდა დემოკრატიული არჩევნები.
მისი თქმით, ოპოზიცია მათ მიერ გამოცხადებულ რეფერენდუმში დამარცხადა.
“ჩვენ ვუთხარით საზოგადოებას, რომ არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში ეს ხმაური იქნება და ეს ხმაური ამოიწურება, ვინაიდან, არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს იმას, რომ არჩევნები წააგე და მერე ამბობს, რომ არ მინდა ვიყო ოპოზიცია, მაინცდამაინც მინდა, რომ გავიმარჯვო, ოღონდ არჩევნებით ვერ გავიმარჯვებ, რაღაც ფორმით მინდა გავიმარჯვო. ეს არის დემოკრატიული ფორმის წინააღმდეგ.
ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხალხს არ უნდა დემოკრატიული არჩევნები. ამ ხალხს მართლაც არ უნდა ქვეყანაში სიმშვიდე, მაგრამ უნდა შეეგუონ იმას, რომ არჩევნების კიდევ ერთხელ დამარცხების შემდეგ მათი რეალობა, მოცემულობა გახლავთ ის, რომ ისინი რჩებიან ოპოზიციაში. დამარცხდნენ არჩევნებში და წააგეს მათ მიერ გამოცხადებული რეფერენდუმი, რომელსაც ასე მაღალფარდოვნად გვაყვედრიდნენ და იმუქრებოდნენ, რომ რეფერენდუმი მაინც იქნება”, – განაცხადა თალაკვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. მათი განცხადებით, არჩევნების შედეგები გაყალბებულია.