სახელმწიფომ დაუშვა საბედისწერო შეცდომა და ხელი შეუწყო ეკლესიის დარბევას – რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია ჭყონდიდზე

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია ჭყონდიდის ეპარქიის ბერების პოლიციის მიერ მონასტრის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაყვანასა და დაკავებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება:

შესაძლოა სახელმწიფო თვლის, რომ დაკავებულები ბერები აღარ არიან, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ-საეკლესიო სამართლის მცოდნე არცერთი ღვთისმეტყველი (თეოლოგი) არ სცნობს და არ აღიარებს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ანტიკანონიკურ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგად ბერებს ბერობა წაერთვათ.

გარდა ამისა, წმინდა სინოდის მიერ ჭყონდიდის ეპარქიის პრობლემების განხილვის და სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე რაიმე სახის, მით უმეტეს ძალადობრივი და საპოლიციო ხასიათის ქმედებები დაუშვებლად მიგვაჩნია.

სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს, რომ მან დაუშვა საბედისწერო შეცდომა და საპატრიარქოს წაქეზებით პოლიტიკურად ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი უფსკრული გააჩინა, რითაც ხელი შეუწყო ძალიან საშიში და სახიფათო პრეცენდენტის დანერგვას – ეკლესიის დარბევას.

მოვუწოდებთ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს დაბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოებში და გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული უდანაშაულო ბერები.”ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სალხინოს მონასტერში ვითარება დილიდან დაიძაბა. გამთენიისას ადგილზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მივიდა, რის შემდეგაც პოლიციამ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები მონასტრიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. მრევლის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 5 სასულიერო პირი დააკავეს და მარტვილის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე სპეცრაზმი და პოლიციის დანაყოფები იმერეთიდან ჩაიყვანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share