ვინც არ იზიარებს ქართველი ხალხის არჩევანს მათი ადგილი არ არის სახელმწიფო სამსახურში – წერილს კიდევ ერთი მოსამართლე გაემიჯნა

საერთაშორისო პარტნიორების საპასუხოდ შემუშავებულ წერილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე, დავით წერეთელი ემიჯნება და წერს, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ამის რევიზიის უფლება აქვს ევროპკავშირს და აშშ-ს, ეს არ არის დამოუკიდებლობის ხელყოფა:

“სამწუხაროა, რომ გვჭირდება შეხსენება, სწავლება, რომ ევროპა, დასავლური ღირებულებები არ არის ვიწრო ინტერესების სამანიპულაციოდ გამოსაყენებელი საკითხი. ეს წარმატებული, შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფო გამოცდილებაა, ქართველი ხალხის არჩევანია ( შეგახსენებთ, რომ პლებისციტზე ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლური გზა და სწორად აირჩია).

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სამართლებრივად, საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, საქართველო ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოა და ვცდილობთ ინტეგრირებას ევროკავშირში, შესაბამისად ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორი სასამართლო ხელისუფლება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ამის რევიზიის უფლება აქვს ევროპის კავშირს და აშშ-ს, ეს არ არის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ეს სამართლებრივი პროცესია, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მას, ეს მიგვიყვანს დემოკრატიულ, ლიბერალურ სახელმწიფომდე, სადაც არ იქნება ადგილი მლიქვნელების, დესპოტების, მონობის, გაუნათლებლების, უსამართლოობის, არაკვალიფიციურობის , კორუფციის და ა.შ.

ამრიგად, გარდა ევროკავშირის და აშშ-ს მიმართ მადლიერებისა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თვითონ ავიღეთ ვალდებულება ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ საქართველოს კანონმდებლობა, რაც უნდა უზრუნველყოთ და უადგილოა, არასერიოზულია საუბარი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფაზე.

ვფიქრობ, რომ ვინც არ იზიარებს ქართველი ხალხის არჩევანს მათი ადგილი არ არის სახელმწიფო სამსახურში!”,- წერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით წერეთელი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share