“არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა და გადაარჩინეთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე” – ამის შესახებ ოპერის ვარსკვლავების, გიორგი გაგნიძისა და შალვა მუქერიას მიმართვაშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
დიდი ტკივილით ვადევნებთ თვალყურს იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ქვეყნის, რომელშიც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ. ჩვენი სახელმწიფოს ბედი დღეს დამოკიდებულია ჩვენს ქმედებებზე და სიტყვებზე.
ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ვართ მუსიკოსები, მაგრამ, წარმოვადგენთ საქართველოს მსოფლიოს საოპერო სცენებზე. დღეს კი, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს და ყველა იმ ოფიციალურ პირს, ვისაც ეს ხელეწიფება, გულწრფელი თხოვნით, შეცვალონ სიტუაცია და არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა, გამოიჩინონ ჰუმანიზმი, ელემენტარული ადამიანობა და გადაარჩინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე. ადამიანის ფუნდამენტური უფლება არის სიცოცხლის უფლება და თუ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, მაშინ არ გვაქვს უფლება მივიჩნიოთ თავი ადამიანებად.
მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი კვალიფიცირებულ საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს! მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდგომ უნდა გამოცხადდეს ღია სასამართლოს წინაშე და აუხსნას თავის ხალხს ყველა ის ქმედება, რაშიც მას ადანაშაულებენ. უფრო მეტიც, თავად მიხეილ სააკაშვილი ითხოვს ღია სასამართლო პროცესის ჩატარებას.
ჩვენ მიგვაჩნია აუცილებელად მისთვის ასეთი შესაძლებლობის მიცემა. ჩვენ ყველას გვჭირდება მისი მოსმენა, – ნათქვამია მიმართვაში.