ექიმი ზურაბ გურული „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოუწოდებს გონივრული მოქმედებისკენ -გადასცეს უკრაინას მესამე პრეზიდენტი,რათა ქვეყანა სიძულვილს და სასოწარკვეთას გადაურჩეს:
„რუსების შემოჭრის შესახებ მოდელირებულ საინფორმაციო პროგრამაზე რეაქცია გახსოვთ?
ზუსტად იგივე ხდება ამჟამად; ოღონდ, თუ ის ზემოქმედება ნახევარ საათს გაგრძელდა, ეს თვეზე მეტია, რაც გრძელდება.
გახსოვდეთ, ძალადობის ყურება ერთნაირად ხრწნის და ანადგურებს მოძალადესაც და მაყურებელსაც.
ნუ იტყუებთ თავს. არ არის ეს ორდინალური შემთხვევა. არ არის ჩვეულებრივი პატიმრის პროტესტი. მთელ ქართულ სოციუმზე აქვს უკვე მძლავრი ზეგავლენა. ერთ ნაწილში სასოწარკვეთა მოაქვს, მეორეში სიძულვილი, ცინიზმი და შურისძიებით პათოლოგიური ტკბობა. გგონიათ ვინმე დაემალება ამ მოვლენის დამანგრეველ შედეგებს?
მაასტრიხტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ოკუპაციის წლებში, ჰოლანდიელ ახალშობილებში 75% ით გაიზარდა ფსიქიკური დაავადებების, კერძოდ შიზოფრენიის წილი. მუდმივმა სტრესმა, სასოწარკვეთამ და სიბრაზემ გამოიწვია ეს.
არ გეგონოთ, რომ ეს აუტანელი სიძულვილი და სასოწარკვეთა ჰაერში გაიფანტება, ჩვენს სისხლში და გენებში ჩაილექება.
მათ, ვისაც ეს გეხებათ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, განმუხტეთ სიტუაცია; გადაეცით უკრაინას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი თავისი მოქალაქე და ნუ დაალპობთ საქართველოს სასოწარკვეთასა და სიძულვილში. თქვენი დაუფიქრებელი ქმედებებით კუთხეში მიჩიხეთ გონებადაბინდული ადამიანი და უკვე სრულად და უპირობოდ მხოლოდ თქვენ იქნებით პასუხისმგებელნი ყველაფერზე. ახლა ფანტომურად გეჩვენებათ ეგ პასუხისმგებლობა, მაგრამ მერწმუნეთ, აუცილებლად მატერიალიზდება.
სანამ კიდევ დროა!“-წერს გურული.