საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მოშიმშილე პრეზიდენტი მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება – დიდ ბრიტანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ბრიტანეთისა და საქართველის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და საქართველოს მეგობრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.
გთავაზობთ მიმართვას უცვლელი ფორმით:
“ჩვენ, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ბრიტანეთისა და საქართველის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და საქართველოს მეგობრები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას რუსთავის ციხეში მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის არაჰუმანური მოპყრობის გამო. ამასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას, პირველ ყოვლისა, ბრიტანეთისა (Amnesty International, Human Rights Watch, United Nations Association UK) და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს (Human Rights Without Frontiers International, UN Watch და სხვა) .
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლების დარღვევა დაუშვებელია და საქართველოს მთავრობამ მტკიცედ უნდა დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელმოწერილი ვალდებულებები .
ჩვენ ვითხოვთ, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი სავსებით ლეგიტიმური და ადამიანური მოთხოვნა. ამის პრაქტიკა კი უკვე არსებობს, საქართველოში ყოფილა შემთხვევები, როცა თხოვნის საფუძვლზე ზოგიერთი პატიმარი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო კლინიკაში სამკურნალოდ.
საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მოშიმშილე პრეზიდენტი მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.
და თუ ჩვენი კანონიერი მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული და მესამე პრეზიდენტის შიმშილობა ფატალურად დასრულდება, ჩვენ მივმართავთ უკიდურეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის კანონის ფარგლებში არსებულ პროტესტის ზომებს.
იმედი გვაქვს თქვენი საშუალებით ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი საქართველოს მთავრობისთვის ნათელი გახდება”,- ნათქვამია განცხადებაში.