ომბუდსმენის წარმომადგენელი გლდანის ციხის კლინიკაში შედის – ლომჯარია

სახალხო დამცველის წარმომადგენელი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაშიი შედის. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ “ნეტგაზეთს” უთხრა.

ლომჯარიას თქმით, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, რამდენად გამართულია ინფრასტრუქტურულად ციხის საავადმყოფო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, თუმცა მის ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში სამედიცინო ინფრასტრუქტურა კონსილიუმის რეკომენდაციების შესაბამისად გამართული არ იყო:

”ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინ შევამოწმეთ მეორედ და გარკვეული სამედიცინო ინფრასტრუქტურა არ იყო ადგილზე და როგორც გვითხრეს, შეუძლებელიც იქნებოდა, რომ ყოფილიყო. გამორიცხავდნენ მაგალითად მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის დაყენებას, ასევე სხვა აპარატურა. ჩემი წარმომადგენელი მიდის ადგილზე და კიდევ ერთხელ შევაფასებთ.

რაც შეეხება უსაფრთხოების რისკებს, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლის და ღირსებისშემლახავი მოპყრობის რისკებს სხვა პატიმრების მხრიდან, ეს რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. ასევე იქნება რისკები მისი მონახულების შემთხვევაში მისი ადვოკატების მიმართაც, თუმცა ადგილზე გავეცნობით ვითარებას და შემდეგ გეტყვით, რამე თუ შეიცვალა ინფრასტრუქტურულად, დააზღვიეს ეს რისკები თუ არა,” – თქვა
ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პენიტენციურმა დაწესებულებამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მანამდე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო, მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share